ჯანმოს მთავარი მეცნიერი: „ომიკრონი“ ვარიანტი საკმაოდ გადამდებია, თუმცა პანიკა საჭირო არ არის

ჯანმოს მთავარი მეცნიერი: „ომიკრონი“ ვარიანტი საკმაოდ გადამდებია, თუმცა პანიკა საჭირო არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი, როგორც ჩანს, ძალიან გადამდებია, სწორი რეაგირება მომზადება და სიფრთხილეა და არა პანიკა.

„რამდენად შეშფოთებულნი უნდა ვიყოთ? მომზადებული უნდა ვიყოთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა პანიკა საჭირო არ არის, რადგან გასულ წელთან შედარებით, ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვარიანტი უფრო ზომიერი იქნება. ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება. მსოფლიოს მასშტაბით, „დელტა“ ვარიანტზე ინფიცირების შემთხვევების 99% მოდის. „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო გადამდები უნდა იყოს იმისთვის, რომ დომინანტური გახდეს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.