მამუკა მდინარაძე:  ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ

მამუკა მდინარაძე: ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ

მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმადაც როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს - ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის.

მამუკა მდინარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ისაუბრა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომაა მაღალი საარჩევნო ბარიერი საქართველოსთვის ცუდი, როცა ის კარგადაა მიჩნეული ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში.

„უნდა შევთანხმდეთ, რაშიც ობიექტურად დავეთანხმებით, იმაზე ობიექტურადვე ვიტყვით, რომ ამაში ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რაშიც არ ვეთანხმებით ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამასაც კი რაღაც საფუძველი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არგუმენტების მიხედვით, რა ხდება ევროპაში, რატომ არის საქართველოში ცუდი ის, რაც ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყნებში არის კარგი?!", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობისთვის მზადაა.

„თუ ჩვენ გვექნება სტიმული მაღალი ბარიერი საიმისოდ, რომ ან გამსხვილდნენ, ან ერთად გამოვიდნენ, ერთი შეხედულების, მაგალითად მემარჯვენეები ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ამას უზრუნველყოფს დიდი ბარიერი. თუმცა ეს არის თეორიული მსჯელობა და არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტებიც.

ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში რაღაც რომ კარგადაა მიჩნეული, რატომ უნდა იყოს ჩვენთან ცუდი ამისი საპირისპირო არგუმენტი ჩვენ მოსმენილი არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე ჯიუტად ვაპირებთ დავტოვოთ 5%, მეორე პირობა ძალაშია, კომპრომისი ჩვენი მხრიდან იქნება, თუ მეორე მხრიდან ასეთივე სახის რაღაცა კომპრომისს მაინც დავინახავთ. ჩვენ დავსხდებით სამსჯელოდ და გადავწყვიტოთ ისე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება ამ ქვეყანას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.