შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ

ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ. როგორც ჩანს, ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ელოდება.

„{სააკაშვილმა} დაადასტურა ის, რომ საკუთარი შვილის {სწავლის} საფასური გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კოსმეტიკური ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხებს იხდიდა. ფაქტობრივად, ყველა ის ხარჯი დაადასტურა, რომელიც გაწეული იყო. ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა“ უწოდა.

მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რას სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.