ირაკლი ბათიაშვილი: 26 მაისს აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო, ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ

ირაკლი ბათიაშვილი: 26 მაისს აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო, ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ

ირაკლი ბათიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. აქციის დარბევისას დაზარალებული ამბობს, რომ დემონსტრანტებს გასაქცევი ყველა გზა ჩაუკეტეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

„თავისუფლების მოედნის მხრიდან, რუსთაველის მხრიდან, ზევიდან, ქვევიდან - აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო. ალყა იყო შემორტყმული და თავიდანვე დაიწყეს შემოტევა და ძალიან დიდი რაოდენობით ძალები ჰყავდათ მობილიზებულები. ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ. მე პირდაპირ მოსაკლავად მომდევდნენ, სროლა-სროლით მოდიოდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, როდესაც რუსთაველის კინოთეატრის ზემოთ ავედით სახურავზე“, - ამბობს ბათიაშვილი.

კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა“ უწოდა.

მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რას სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.