სოზარ სუბარი: ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა ადამიანთან გვაქვს საქმე

სოზარ სუბარი: ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა ადამიანთან გვაქვს საქმე

საქმეში, რომელიც 9 მილიონი ლარის მითვისება/გაფლანგვას ეხება, ათობით ეპიზოდია და თითოეული ეს ეპიზოდი საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი, ვინც ამას ჩაიდენდა, აუცილებლად წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრმა სასამართლო პროცესებზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის დასწრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, იმიტომ რომ ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა პიროვნებასთან და რა ადამიანთან გვაქვს საქმე. როგორც {სლობოდან} მილოშევიჩს პროცესები იხილა მთელმა მსოფლიომ და დარწმუნდა რა სასტიკ დამნაშავესთან გვქონდა საქმე, ასევე თითოეულ ამ პროცესზე ყოველდღიურად გამოჩნდება არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი რეჟიმის სახე და ჩამოეხსნება ფარდა იმ დანაშაულთა კასკადს, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა“, - განაცხადა სუბარმა.

კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა“ უწოდა.

მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რას სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.