ირაკლი კობახიძე: 26 მაისს ჩატარებული მსხვერპლიანი ოპერაციის ლიდერი და შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელი

ირაკლი კობახიძე: 26 მაისს ჩატარებული მსხვერპლიანი ოპერაციის ლიდერი და შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელი

ირაკლი კობახიძე 26 მაისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები „ტყუილების კასკადი“ იყო.

„სინამდვილეში ჩატარდა უმძიმესი ოპერაცია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და არა მხოლოდ დაიღუპა. გახსოვთ, რომ მერე შოთა უტიაშვილის მონაწილეობით დააწყვეს (შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ) ადამიანების ცხედრები „ბუდკებზე“. ეს იყო რეალობა და ამის ლიდერი და შემოქმედი იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელი. აი, ეს არის რეალობა“, - განაცხდა კობახიძემ.

კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სასამართლოს შენობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა“ უწოდა.

მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.