ზურაბ გურული:

ზურაბ გურული: "ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო"

გუშინდელ სასამართლო პროცესს და პროცესზე პატიმარი ექსპრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ამერიკაში მომუშავე ექიმი ზურაბ გურული.

გურული მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, მას ბიბლიურ სიბრძნეს შეახსენებს მონანიებასა და ბოდიშთან დაკავშირებით და ურჩევს არასოდეს მოიხადოს ბოდიში.

"არასოდეს მოიხადო ბოდიში, მისტერ, ეგ სისუსტის ნიშანია" - ჯონ უეინის ეს სიტყვები თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ-ქრისტიანულ მორალთან; სინამდვილეში კი ზუსტად ბიბლიურ შეგონებაზეა დაფუძნებული:
"ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ."

ჰოდა, ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ აკეთებდით იმას, რაც მიგაჩნდათ მართებულად. ქატოს პურზე, დენზე და ცხელ წყალზე დანატრებული საზოგადოება თქვენ მიიყვანეთ იქამდე, რომ თავისუფალ სასამართლოზე, დემოკრატიულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებებზე კამათი დააწყებინეთ. თქვენ მომავალი განგსჯით მიუკერძოებლად; ის ადამიანები, რომლებიც პირუთვნელად და უშიშრად შეძლებენ იმ ლიდერის შეფასებას, რომელმაც თანაბრად ატარა თავისი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ნაკლიცა და ღირსებაც.

ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი შეძელით და ამისათვის მადლობა არავის უთქვამს. საბოდიშოც არაფერია ამიტომ; მითუმეტეს იმათთან, ვინც ციხეში ჩაგდებულ, აბუჩად აგდებულ, ორი თვის ნაშიმშილევ, შეურაცხყოფილ კაცს სიტყვებში ასოები დაგითვალათ.
ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო,“- წერს ზურაბ გურული.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ტრიბუნიდან საზოგადოებას მიმართა და ქვეყნის წინაშე საკუთარი დამსახურებები შეახსენა.