დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიული დინება არის ხალხის ნება, მას, ვინც მიდის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, უწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი სასჯელის მოხდა,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ დასმულ კითხვას თუ რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი დინების საწინააღმდეგოდ სვლაში.
„არ ვიცი სააკაშვილი რას ეძახის დინებას. თუ დინება არის რაიმე, ეს არის ხალხის ნება და დემოკრატიული პროცესები. თუ სააკაშვილი ხალხის ნების წინააღმდეგ აპირებს წასვლას, ამით უკვე პასუხი ყველა კითხვაზე გაცემულია. დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიული დინება არის ხალხის ნება და ხალხის წინააღმდეგ წასვლას შედეგი აქვს სწორედ ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ. ის ზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იხდის მსჯავრს. ის, ვინც მიდის ხალხის და მათი ნების საწინააღმდეგოდ, მიდის კანონის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის საბოლოო ჯამში უწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი სასჯელის მოხდა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.