ეს იყო ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელმაც ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის.
„ის საუბრობდა თავის დანაშაულებზე, ოღონდ ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი დანაშაულად არ წარმოეჩინა, ცდილობდა, თავისი დანაშაულები გადაებრალებინა სხვებისთვის, მათ შორის თავისი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრებისთვის, რომლებსაც სასჯელიც აქვთ მოხდილი მისი ქმედებებისთვის, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი იდგა. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ხელმძღვანელი, რომლის დაკვეთითაც ხორციელდებოდა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა რუსეთისთვის და ამ ყველაფრისთვის მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.