არჩილ თალაკვაძე: კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“ და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები

არჩილ თალაკვაძე: კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“ და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის გარეშე.

„7 ნოემბერი გვახსოვს და ისიც კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ დღეს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“, ძალოვნებმა ჩაატარეს რეიდი და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები, შემდეგ კი გადავიდნენ ანტენების დაპატიმრებაზე. ნოემბრის ამ დღეებში ასევე მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და გადაბრალება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.