ვერ მოვისმინეთ, 7 ნოემბერს უმოწყალოდ რის გამო სცემეს ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები და მოუწყვეს, პრაქტიკულად, ბართლომეს ღამე - როდესაც თავშესაფარს ითხოვდნენ ისინი აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, ამ დროს თურმე ყოფილი პრეზიდენტი ტელევიზიით უყურებდა და როგორც ჩანს, ტკბებოდა ამ სცენით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილისგან მოვისმინეთ, რომ თურმე 28 წლის სანდრო გირგვლიანის წამებით სიკვდილი ყოფილა პიარის ნაწილი, რაც მისივე თქმით, სამარცხვინო, ამაზრზენი საქციელია.
„ვერც ერთი სიტყვა ვერ მოისმინა საზოგადოებამ სააკაშვილისგან იმ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი და მსჯავრი გამოტანილი მიხეილ სააკაშვილს. პრაქტიკულად საათ-ნახევრის განმავლობაში ცდილობდა პასუხისმგებლობა აერიდებინა და ისაუბრა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თუ როგორ სწყურია ძალაუფლება. ვერ მოვისმინეთ, რის გამო სცემეს 7 ნოემბერს უმოწყალოდ ჟურნალისტებს, რის გამო წაართვეს ადამიანს ქონება, გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები და მოუწყვეს, პრაქტიკულად, ბართლომეს ღამე. მოვისმინეთ, რომ თურმე 28 წლის სანდრო გირგვლიანის წამებით სიკვდილი ყოფილა პიარის ნაწილი, ეს არის სამარცხვინო, ამაზრზენი საქციელი. როცა ის საუბრობს, რომ თურმე 7 ნოემბერს ტელევიზიით უყურებდა როგორ არბევდა სპეცრაზმი თანამოქალაქეებს და უსწორდებოდნენ მათ. მათ შორის, როცა თავშესაფარს ითხოვდნენ ისინი აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, ამ დროს თურმე ყოფილი პრეზიდენტი ტელევიზიით უყურებდა და როგორც ჩანს, ტკბებოდა ამ სცენით, ამ ადამიანს უნდა, რომ თავი დააღწიოს ამ მძიმე ბრალდებებს, აიღოს მართვის სადავეები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.