სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა 7 ნოემბერს და ყველაფერი ვანო მერაბიშვილს გადააბრალა - შეუძლებელია, სააკაშვილის გარეშე ეს მომხდარიყო, ჯარი არ ემორჩილებოდა ვანო მერაბიშვილს, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი არ ემორჩილებოდა ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„რას უნდა ველოდოთ მომავალ პროცესებზე?! - ველოდოთ, რომ მას არ უნდოდა თვითმფრინავი გაფრენილიყო სუშის ჩამოსატანად ჰოლანდიაში და ამას აძალებდა თავისი დაცვის უფროსი, რომ მას არ უნდოდა ჩამოეყვანათ გერმანიიდან მასაჟისტი ომის წაგებიდან ერთ კვირაში და ამას აკეთებდა თავისი დაცვის უფროსი. მას არ უნდოდა 18 ათასი დოლარი ყოფილიყო გადახდილი მის სასტუმროში, რომელიც კერძო ვიზიტით იყო ტაილანდში და ამას მის ნაცვლად აკეთებდა თავისი დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.