ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო განაცხადი - რაც გავაკეთე, სწორი იყოო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო განაცხადი - რაც გავაკეთე, სწორი იყოო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც თვითონ სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს განცდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ის გამოსვლა, რომელიც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, პირდაპირ იყო განაცხადი, რომ დიახაც, რაც გავაკეთე იყო სწორიო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა, ეს ყოფილა ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არაფერს ნანობს.

„არც ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების, არც გირგვლიანის ოჯახის წინაშე, რომელიც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ აწამეს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, პირიქით, თქვა, რომ ეს იყო პიარსაქმეო, რითაც რა თქმა უნდა შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილზე. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში საქმესთან, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა, მოსამართლემ არანაირი უფლებამოსილება არ გამოიყენა და არ შეაჩერებინა ის რიტორიკა, რომელსაც სააკაშვილი ეწეოდა, თუმცა მას ამის უფლება და ვალდებულებაც ჰქონდა, რადგან არც ერთი წინადადება, რომელზეც საუბრობდა, არ ეხებოდა საქმეს. აქედან გამომდინარე, მან გამოიყენა სასამართლო პირად ტრიბუნად, რომ მიემართა საზოგადოებისთვის. როდესაც პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა მოსამართლეს არასაქმიანი გამოსვლა, მოსამართლემ მოიშველია ის, რომ ბევრი პროცესი ჩავატარეთ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და ახლა ვაძლევთ ამის საშუალებასო, ეს საშუალება არავის წაურთმევია მისთვის, ეს იყო მისი არჩევანი, როდესაც იმალებოდა და თავს არიდებდა ქართულ მართლმსაჯულებას, ის ამ შესაძლებლობას არ იყენებდა თავისი ნებით. ვფიქრობ, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა იყო შეურაცხყოფა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.