სხვისკენ თითის გაშვერა არც მიხეილ სააკაშვილს არგებს და არც ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რადგან არსებობს მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის აღება გიწევს - ეს ყველაზე სწორი გამოსავალია და არიდების მცდელობა სერიოზულად არ გამოიყურება, - ამის შესახებ საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„7 ნოემბერს ვცხოვრობდი საქართველოში. ვიცი, იმ პერიოდში რა გავლენები ჰქონდა სააკაშვილს და ვიცი ისიც, რომ მას რომ დაერეკა პირობითად, ტელევიზორიდან თუ უყურებდა ამ ამბავს და ეთქვა, ასე კი არა, სხვანაირად მოიქეცითო, სხვანაირად მოხდებოდა ამბავი - ამის შინაგანად მჯერა. სინანული დავინახე სასამართლოზე, ოღონდ იმიტომ, რომ მას და მის თანამებრძოლებს შეეხოთ ეს ამბავი ცუდად და არა იმიტომ, რომ ხალხს შეეხო ცუდად და ხალხთან ბოდიში კი არ იყო, საკუთარ თავთან და თანამებრძოლებთან ბოდიშს უფრო წააგავდა ეს პოზიცია“, - განაცხადა ხვიჩიამ.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.