იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას საქალაქო სასამართლოს წინ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, დღეს საზოგადოებას სჭირდება დღის წესრიგის ცვლილება და პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ დღის წესრიგზე გადასვლა, რაც პარლამენტში მყოფი პარტიებისა და დეპუტატების პასუხისმგებლობაა.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა სასამართლო შენობის გარეთ, აბსოლუტურად მიუღებელ სურათს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია, უგულავა - ორი ადამიანი, რომელიც თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდა და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში, თუმცა მათი ეს მცდელობაც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომლის თავს მოხვევას ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.