მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.
„შემადგენლობა ორივეს ვფიქრობდით - რომ საქმეზეც იქნებოდა საუბარი და, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ექნებოდა. ფაქტობრივად, ეს იყო განცხადება და მისი პოზიციის დაფიქსირება. მისი უფლება რომ არ შეგველახა, რა თქმა უნდა, არ შევაწყვეტინეთ. როცა საქმე კონკრეტულად შესავალ სიტყვას, დასკვნით სიტყვას, ჩვენებას ეხება, მაგ დროს, ცხადია, კონკრეტიკასთან გვაქვს კავშირი და, რა თქმა უნდა, კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ იმ ბრალდებებზე, რომელ საქმესაც ჩვენ განვიხილავთ“, - აღნიშნა მოსამართლემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
კითხვაზე, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მოეხდინა მასზე ან კოლეგიაზე ზეწოლა, მოსამართლე ამბობს:
„ნამდვილად ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირი ან ირიბი მცდელობა ყოფილიყო. ნამდვილად, ჩვენ ვართ სამართლიანი სასამართლო, სამივე. ისევე ვაძლევდით შენიშვნებს ბრალდების მხარეს, როგორც - დაცვის მხარეს, როცა ისინი რაღაც კანონის ფარგლებში არ ჯდებოდნენ“, - აცხადებს ლია ორკოდაშვილი.
39 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.