მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას არ ცნობს, რადგან მიკერძოებულია და ა.შ. ჩემი აზრით, საყურადღებო განცხადება იყო იქიდან გამომდინარე, რომ თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, ასეთი განცხადებები მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
„მგონია, რომ ეს მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, რომ იგივეს თქმა მათაც არ მოუწიოთ, როცა მათ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს წარდგომა მოუწევს. ამიტომ, საფუძვლიან სასამართლო რეფორმაზე უნდა ვიფიქროთ, რომელზეც რატომღაც, მმართველები მაშინ საუბრობენ, როცა განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებიან და არა მაშინ, როცა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა იგივე მდგომარეობაშია. ქაოსსა და დაძაბულობას თუ ვინმე აპირებს, მას უფრო მეტი მოეთხოვება და არა მხოლოდ გზის გადაკეტვა და გაწევ-გამოწევა. მიხეილ სააკაშვილი რომც გაიტაცონ, სად უნდა წაიყვანონ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.