ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივა ყველაზე გაბედულია, რაც აქამდე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თქმულა

ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივა ყველაზე გაბედულია, რაც აქამდე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თქმულა

„პრემიერის ინიციატივა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს პროფესიას დაეუფლონ და შემდეგ დასაქმდნენ, სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ამის შესახებ ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ანგურიძე Facebook-ის პოსტში პრემიერის რამდენიმე ინიციატივას ეხება და თითოეული მათგანის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

„პანდემიის პერიოდმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ საჭიროა, ჩვენ ქვეყანა იყოს თვითკმარი სახელმწიფო და ისეთი პროდუქციის წარმოებები განვავითაროთ, რომლის რესურსები და შესაძლებლობებიც გაგვაჩნია. რასაც ექნება, როგორც დასაქმების მიმართულებით საკმაოდ დიდი ეფექტი, ასევე პირდაპირი ზეგავლენა - ქვეყანაში არსებულ ფასებსა და ინფლაციაზე. ამიტომ, პრემიერის ეს ინიციატივა, არის პოზიტიური სიგნალი, რომელიც აჩენს იმედსა და პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომავალ წლებშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდეს. აღნიშნულზე ტურიზმის სექტორსაც ექნება საკმაოდ დიდი გავლენა, რომელიც ეტაპობრივად პრაქტიკულად ბოლომდე იხსნება.

სოციალური შემწეობების პოლიტიკა რომ გადასახედი და დასახვეწია, ალბათ, ამაზე არც არის სადავო. რადგან დღევანდელი მოდელი ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენი მოქალაქეები ცდილობენ, როგორმე ჩაერთონ ამ პროგრამაში და არა პირიქით, თუ როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. პრემიერის ინიციატივა, რომელიც მისცემთ ამ ადამიანებს, რომ დაეუფლონ პროფესიასა და შემდეგ ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა, არის სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, მით უფრო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური დახმარებაც შეუნარჩუნდებათ.

რატომღაც, ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრები (თუმცა, მათ არაფერი აქვთ საერთო ლიბერალიზმთან და მხოლოდ სახელს არიან ამოფარებულები), მათი განცხადებებითა თუ ქმედებებით გამორიცხავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და როგორც მომხმარებლების უფლებები მუდმივად ფეხქვეშ აქვთ გათელილი. ფარმაცევტული ბაზარი არის სწორედ ის სფერო, რომელიც თითქმის, ყოველდღიურად აუარესებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. აქ ისმის მთავარი კითხვა: რატომ ხდება ყოველთვის, როცა მთავრობა აინიციირებს ახალ ინიციატივას სხვადასხვა სამედიცინო პროგრამისა თუ დაფინანსებების შესახებ, მყისიერად იზრდება ფასი? კითხვები კიდევ ბევრია, თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილებები. პრემიერის გაბედული ინიციატივაც უდავოდ მისასალმებელია, რადგან მედიკამენტების ბაზარი არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელიც იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. მით უფრო, როცა ამას ემატება ფსიქოტროპული მედიკამენტების თავისუფალი გასაღება, რომლის მომხმარებელთა დიდი ნაწილიც არიან არასრულწლოვანები.

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა არის ყველაზე გაბედული, რაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან აქამდე თქმულა, რადგან, რატომღაც, ყველა თავს იკავებდა ამ სფეროს რეგულირებისაგან, თუმცა პრობლემას ყველა ერთხმად აღიარებდა. ყველაზე მწვავე პრობლემა რაც ამ სფეროს ახლავს არის ის, რომ სხვადასხვა გზით ჩართულნი არიან არასრულწლოვანები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ ფაქტს ამყარებს ის ციფრები, რომლებიც პრემიერმა ახსენა ფსონების სიდიდე (2,3,5,10 ლარი). ამ გზებით კი ქვეყნიდან 1,5 მლრდ ლარი გაედინება. აქ ჩნდება კითხვა - სექტორის დარეგულირების მოწინააღმდეგეებს რა უფრო ადარდებთ? ერთი ან ორი კაზინოს ბედი, რომლებსაც ქვეყნიდან გააქვთ ვალუტა, თუ ათიათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის არასრულწლოვანების სოციალური და ფსიქიკური მდგომარეობა? რა თქმა უნდა, სექტორს სჭირდება დაუყოვნებლივ რეგულირება, ისე რომ ჩვენი ქვეყანაცა და მოსახლეობის უფლებებიც მაქსიმალურად იყოს დაცული“, - წერს ოთარ ანგურიძე.