დავით ბერძენიშვილი: მარტო “მიშა მაგარია” არის გზა არსაით

დავით ბერძენიშვილი: მარტო “მიშა მაგარია” არის გზა არსაით

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შუაშისტების” ერთ ნაწილს გასჩენია ყალბი ილუზია, რაკი მიშას მეტი არავინ ჩანს ბიძინას დამმარცხებელი, ოღონდ მიშა გამოვიყვანოთ ციხიდან და ის ააგორებს საპროტესტო მოძრაობას და მეორე რევოლუციასაც მოაწყობსო. სიტყვა “რევოლუციას” ზოგი მორცხად გაურბის, ზოგიც კი პირიქით – სწორედ მშვიდობიანი რევოლუციაა გზაო.

ეჰ, “შენ გზა მითხარი, ის გზა, რომელიც…”

შუაშისტების ერთმა ნახევარმა მეორე ტურში კი მისცა თბილისში ხმა ნიკა მელიას, მაგრამ მეორე ნახევარი სახლში დაჯდა და კალაძემ საკმაო უპირატესობით მოიგო არასამართლიან ბრძოლაში.

მიშისტები მამკობენ ფორმულას წუხანდელი გადაცემის გამო, როგორც მოსალოდნელი იყო.

შუაშისტების უმრავლესობა მარტო მიშას არ გაახელისუფლებს. ნაცების თანაზომადი არანაცური ოპოზიციური კოალიციის შექმნაა გზა არჩევნების შედეგებით ნაცური და არანაცური კოალიციური ხელისუფლებისკენ.

მარტო “მიშა მაგარია” არის გზა არსაით.

დაღლილა ზოგი შუაშისტი და ორპოლუსიანობაში ჩარჩენას ამჯობინებს მრავალფეროვნებისთვის შრომას და ბრძოლას.

ეს დაღლილობა კი მორიგი ფიასკოს საფრთხის მატარებელია.

უფრო შეელეწება მიშას პოლუსი ბიძინას სახელისუფლებო პოლუსს, ვიდრე დალეწავს. 2018, 2020, 2021…. ამას ადასტურებს.

შეველეწეთ და ვერ დავლეწეთ მიშას სახელისუფლებო პოლუსი 2007- 2009 წწ. გაცილებით მასშტაბური ქუჩის საპროტესტო მოძრაობის მიუხედავად.

მორიგი ფრუსტრაციაა მოსალოდნელი, თუ ნაცები პარლამენტში სრულფასოვნად არ იმუშავებენ, ქუჩას მნიშვნელოვან, მაგრამ დამხმარე და არა ერთადერთთ შემადგენლად თუ არ დაინახავენ..რამდენჯერ უნდა გაელიოთ ახლა მათ ქუჩა – ჩვენ 2007-09 წწ. გაგველია.

მრავალფეროვნებამ უნდა დაძლიოს ორპოლუსიანობა. მაპატიეთ პირდაპირობისთვის – სხვა ფაქტორებთან ერთად ინტელექტის საკითხიცაა მიშას პოლუსის იმედად ყოფნა.

“ქუჩა-ქუჩა დავდივარ” ტაქტიკის მოიმედეებთან ნაახალწლევს კი გავაგრძელებდი დისკუსიას, მაგრამ მანამდე ისეთი შეცდომა არ მოგივიდეთ ნაცებს და მათთან მორცხვად მიტმასნებულ არცთუ ბევრ შუაშისტს, წლებით რომ გადაავადოთ ბიძინას ხელისუფლების დაძლევა.

ვისაც უნდა სწრაფად ყველაფერი, მიიღებს არაფერს…კარგა ხნით.”