ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გადაყვანა ერთგვარი საბაბი იყო, რათა მეორე ეტაპზე საუბარი მის გათავისუფლებაზე დაწყებულიყო

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გადაყვანა ერთგვარი საბაბი იყო, რათა მეორე ეტაპზე საუბარი მის გათავისუფლებაზე დაწყებულიყო

რეალურად, სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მოთხოვნას სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.

„რეალურად სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე. ბუნებრივია, ეს არის ღიმილის მომგვრელი. მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია მხილებული. მას შეფარდებული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და რა თქმა უნდა, სამართლის უზენაესობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის, რომ მან სათანადოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიხადოს ეს სასჯელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.