დავით მათიკაშვილი: ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მალე ცოცხები დაიჭირა ხელში და ასე დაიწყო ქვეყნის მართვა

დავით მათიკაშვილი: ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მალე ცოცხები დაიჭირა ხელში და ასე დაიწყო ქვეყნის მართვა

სამწუხაროა, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც 2003 წელს ქართველმა ხალხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ (დღეს რომ ასე დეგრადირებულ ფიგურებად გვევლინებიან), პირდაპირი მნიშვნელობით, ჩარეცხა, მთელი ეს მანდატი გაატანა წყალს და ქვეყანას მოუტანა ის, რაც მოუტანა - დაკარგული ტერიტორიები, ამდენი ნაწამები ადამიანი და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2003 წელს მომხდარ „ვარდების რევოლუციასა“ და დღევანდელობასთან რაიმე პარალელის გავლება შეუძლებელია.

„ძალიან მალე ყველამ ნახა, რომ ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მალე ცოცხები და სხვა უმსგავსო ნივთები დაიჭირა ხელში და ასე დაიწყეს ქვეყნის მართვა. გადააქციეს მთელი ქვეყანა ერთ დიდ ციხედ - ევროპაში საქართველოზე მეტი პატიმარი არავის ჰყავდა. ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო. ადამიანებს ელემენტარულად ქუჩაში ხოცავდნენ და რაც ყველაზე მთავარია, 2008 წელს თავიდან ვერ აირიდეს პროვოკაცია. ქვეყნის 20%, პირდაპირი გაგებით, ჩააბარეს ოკუპანტს. აი, ამ ძალაზე გვაქვს საუბარი და შესაბამისად, ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ როლი და მნიშვნელობა ამ კუთხით, რაიმე სახით არის წარმატებული. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც 2003 წელს იყო, ასეთ მოცემულობას დღეს არ არის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.