ალუდა ღუდუშაური სააკაშვილზე: ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება - ეს სასაცილოა

ალუდა ღუდუშაური სააკაშვილზე: ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება - ეს სასაცილოა

ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ ის რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება - ეს სასაცილოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები, მიზნად ისახავენ ქვეყნის არევას და საბოტაჟს.

„მათ სრულიად უჭირთ იმ სამართლიანი რეალობის მიღება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შედეგად აქვს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობენ. ახლა მოიგონეს, რომ თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ იქნება აღდგენილი სრულად, თუ იგი არ იქნება რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად გამგზავრებული. ეს არის უაღრესად კომიკური და სასაცილო“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.