რატი ბრეგაძე: აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია

რატი ბრეგაძე: აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

„პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური საქმიანობა ფართე ცნებაა და ამის დანახვა და გაგება მრავალი კუთხითაა შესაძლებელი. თუმცა რა შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის მთავარი ინდიკატორები - პირველ რიგში ესაა საარჩევნო უფლება, როგორც აქტიური, ასევე პასიური. ანუ ადამიანს შეეძლოს, რომ იყოს არჩეული ან უბრალოდ აირჩიოს. ასევე საპარლამენტო დემოკრატიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარია პოლიტიკური პარტიის წევრობა. ბატონ სააკაშვილს, რომელიც არაა საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა, არ აქვს როგორც აქტიური საარჩევნო უფლება, ასევე პასიური საარჩევნო უფლება და მას არ შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკურ ცხოვრებაში ამაზე ბუნებრივია პასუხის გაცემა ცოტათი რთული იქნება და თავად იმ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ ამაზე, ვინც მსგავს მოთხოვნას აყენებენ. თუმცა ეს საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.