იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა.
რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. „ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას ბოლომდე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.