ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და პატიმრობიდან უპირობოდ გაათავისუფლონ.

„ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც აქვს შეფარდებული 6-წლიანი სასჯელი, მაშინ მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.