დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა აზარტული თამაშების რეგილირებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საუბარია მილიარდნახევარ დოლარზე, რომელიც ქვეყნიდან სწორედ აზარტული ბიზნესის გავლით გაედინება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ პრობლემაზე საუბრის დაწყება მისასალმებელია.
"ონლაინ კაზინოების ბრუნვის ზრდა მიუთითებს, რომ ეს ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული საკითხი ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს, რადგან ის უკვე ბიზნესი აღარ არის, არამედ ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად.
სათამაშო ბიზნესი არის მეტასტაზი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მათ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ხელისუფლების მხრიდან დაანონსდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. აზარტული თამაშების რეგულირების შედეგად, თანხა, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ეს თანხები საბანკო არხების გავლით ეკონომიკის რეალურ სექტორებში ინვესტიციებად გარდაიქმნება", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.