უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში არშემოშვებისა და უკან გამგზავრების ფაქტს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოშია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი, ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პირებს, ძალისმიერი მეთოდებით, ხელისუფლების დამხობა სურთ.
„უკრაინელი მოქალაქეები უკან გააბრუნეს, მაგრამ საქართველოშია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი თუ მეთაური, მამუკა მამულაშვილი, რომელიც არ მალავს თავის განზრახვას, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების დამხობაში. არც მამულაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები არ მალავენ იმას, რომ უნდათ ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლა. ფაქტობრივად, გეგმა გაცხადებული აქვთ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი, იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. მათ შორისაა პაშა კაშჩუკი, რომელიც, ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. ამავე წყაროს თანახმად, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის - „მგლების“ მებრძოლებიც.