დღეს ბელგიაში კორონავირუსის 21 502 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი. ამ მაჩვენებლით ბელგიაში ინფიცირების შემთხვევებმა გაუსწრო 2020 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელს.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბელგიაში სიტუაცია საგანგაშოა და ქვეყანას მძიმე ზამთარი ელოდება.
„ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის განკუთვნილია 1200 საწოლი და პიკი დაფიქსირდება მაშინ, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი 800-ს მიაღწევს.
გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეუძლებელი იქნება პაციენტების სამკურნალოდ სხვა ევროპულ სახელმწიფოებში გადაგზავნა, რადგან მეზობელ ქვეყნებსაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა მიიღონ პაციენტები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უახლოვდება ახალ პიკს და საავადმყოფოები გადაჭედილია მძიმე პაციენტებით. გვიანია ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას ზომები, შეზღუდვები და მოერიდოს კონტაქტს. 5 დღიანი სამუშაო დღიდან სახლიდან მუშაობა აუცილებელია 4 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება სავალალო,“ - განაცხადა ბელგიის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვან დე გუხტმა.
ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი 600-ს შეადგენს. 3 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულის მკურნალობა მიმდინარეობს ჰოსპიტალურ სექტორში. 25 %-ით გაზრდილია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები და 29 %-ით იმატა კორონავირუსის გართულებების გამო სიკვდილობამ. ყოველდღე კორონავირუსზე 90 000 ტესტი ტარდება.
საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, აცრილი მოსახლეობიდან 18-დან 64 წლის ასაკის ადამიანების უმრავლესობა რეანიმაციაში არ ხვდება, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სრულად აცრილი პაციენტების 54% 70 წელს გადაცილებულია. 2021 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულებში კორონავირუსის შემთხვევები 90 %-ით იყო შემცირებული. ბელგიაში კორონავირუსმა 26 568 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.