პროფესორი თამარ ლომინაძე: საზოგადოებაში, სადაც გათავისებულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, რატომ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი ჩადენილ ქმედებაზე

პროფესორი თამარ ლომინაძე: საზოგადოებაში, სადაც გათავისებულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, რატომ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი ჩადენილ ქმედებაზე

„ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდა საკმარისად მზად, რომ რეალურად შეეფასებინა თავისი წარსული. აღმოჩნდა ისე, თითქოს არ არის აუცილებელი, რომ საზოგადოების ყველა წევრი იყოს კანონის წინაშე თანასწორი“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ლომინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოებას გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ადამიანების გარკვეული ჯგუფი უშვებს იმას, რომ შეიძლება, ვიღაც პრივილეგირებული იყოს და მეტი უფლება ჰქონდეს, კანონი დაარღვიოს და თავის ქმედებაზე პასუხი არ აგოს. საზოგადოებაში, სადაც გათავისებულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, რატომ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი თავის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ალბათ, ჩვენ გაზრდა, რაღაც პერიოდი გვჭირდება. როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, ჩემს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ გარშემო გაიზარდონ ახალგაზრდები, რომლებიც არა მხოლოდ თავისი დარგის პროფესიონალები, არამედ ისეთი მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც პატივს სცემენ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, თანასწორობა და ადამიანის ღირსება“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში განსხვავებული აზრის არსებობა ბუნებრივია, თუმცა უნდა არსებობდეს აზრის გამოთქმის სახელმწიფოებრივად სწორი ფორმა.

„აზრის გამოთქმის ფორმა მიმართული უნდა იყოს არა დესტრუქციისკენ, არამედ იმისკენ, რომ ქვეყანაში რაც არ მოგვწონს, იმის გამოსწორებას ჩვენი პროტესტით დავეხმაროთ. დღეს რაც ხდება, სამწუხაროდ, არის დესტრუქცია და არა ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი - რამდენად სწორად გაივლის იმ კრიტიკულ, დაძაბულ ვითარებას, რომელიც შეიქმნა. ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ. ჩვენი ხელისუფლებაც და ჩვენი ხალხიც, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესები. მგონია, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეთანხმების რესურსი არსებობს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.