პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰერმოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმმა რეანიმატოლოგმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.
„ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა“, - განმარტა ექიმმა.
მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მან გონება დაკარგა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.