სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კლინიკურ აუდიტს სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც ძალიან მენიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, საწესებულების ექიმებთან კონტაქტი პრინციპულად მნიშვნელოვანია და შესაძლოა მათ შესახვედრად მედიაცია თავად უზრუნველყოს.
„მე არ შევეხები მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგან ვრჩები იმ პრინციპულ აზრზე, რომ ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ პაციენტის მკურნალობა და არა პოლიტიკოსებმა. ასევე, ვერ შევალ დისკუსიაში მათ დასკვნასთან, თუმცა რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მოსაზრებები. ერთადერთი, რაც ძალიან მენიშნა არის ის, რომ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია და არ ვიცი, მე თვითონ შეიძლება მედიაცია გავაკეთო, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაესაუბრონ. ეს კლინიკური აუდიტი იდეაში ამოიწურა იმით, რომ აპარატურა შეფასდა, რაც არასაკმარისია“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს