ლევან იოსელიანი: სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, მის უკან საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძალა დგას, სწორედ ამ თვალსაზრისითაა ის განსაკუთრებული პატიმარი

ლევან იოსელიანი: სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, მის უკან საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძალა დგას, სწორედ ამ თვალსაზრისითაა ის განსაკუთრებული პატიმარი

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და მის უკან საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძალა დგას, სწორედ ამ თვალსაზრისითაა ის განსაკუთრებული პატიმარი, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერმა ლევან იოსელიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილის, როგორც განსაკუთრებული პატიმრის სტატუსზე.

„როცა პრეზიდენტმა ისაუბრა განსაკუთრებულ პატიმარზე, მე აღვიქვი ეს განცხადება ისე, რომ სააკაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს არა განსაკუთრებული პრივილეგიები, არამედ ის უნდა იყოს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და მის უკან საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძალა დგას. სააკაშვილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული მათ შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც, სწორედ ამ თვალსაზრისითაა ის განსაკუთრებული პატიმარი“, - აცხადებს იოსელიანი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს