კახა კალაძე:  პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

კახა კალაძე:  პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „განსაკუთრებული პატიმარია“.

„ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩადიან დანაშაულს. არ ვიცი განსაკუთრებული, არაგანსაკუთრებული, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი”, - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული.

„შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთებული იქნა განცხადებები, დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ ჩატარდეს მკურნალობა თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით, გარდა ამისა არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული როგორც ყველა პატიმრის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებსაც გამოეხმაურა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა „ღირსების შემლახავი“ უწოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში.

ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა ეს კადრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის არ დაუვალებია შიმშილობა მათთვის“.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან არავის არ დაუვალებია შიმშილობა მათთვის. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.