ციკლიდან

ციკლიდან "მიშამ კრიმინალი მოსპო"   

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

"იმ საქმეებიდან ერთ-ერთი, რომლებსაც პირადად ვაწარმოებდი...                                      

2005 წელს თბილისში, თემქის დასახლებაში, საღამოს საათებში, სახლში მიმავალ ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხა ორი ნიღბიანი, რომლებმაც ძალის გამოყენებით ჩამოგლიჯეს ოქროს ძეწკვი, ხელიდან გააცალეს ძვირფასი ბეჭედი და სამაჯური. დამნაშავეებმა გოგონა იქვე, გზის პირას ბუჩქებში მიაგდეს და გაუჩინარდნენ.          

შორიახლოს, სკვერში უბნელი ბიჭები არაყს სვამდნენ. პოლიციამ დაახლოებით ერთ საათში დააკავა იქვე, ასიოდ მეტრში მცხოვრები 18 წლის ტყუპი ძმები, რომლებიც ყაჩაღობის მომენტში სკვერში იმყოფებოდნენ და არაყს შეექცეოდნენ.                                                            

ლოგიკაში არ ჯდება, რომ ძმები თავს დაესხნენ უბნელ ნაცნობ გოგონას. ამასთან, პირველ ჩვენებაში გოგონა განმარტავს, რომ თავდამსხმელები ვერ იცნო. იმავე დღეს გოგონამ "ამოიცნო"  დაკავებული ძმები.                                                                            

ორთაჭალის ციხეში ძმების მონახულების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. და საერთოდ, არც ერთი მათგანი კრიმინალი არ იყო. მიამიტი, გამოუცდელი ბავშვები იყვნენ. მოგვიანებით გამოვკითხე მათი თანამეინახეები, რომლებმაც(რამდენიმეს შეეშინდა და უარი მითხრა გამოკითხვაზე) დამიდასტურეს, რომ ძმები ქეიფის დროს ადგილიდან არ გასულან...არავითარი ნიღბები და ძვირფასი ნივთები. ქეიფის დასრულების შემდეგ სახლამდე მიაცილეს, საიდანაც პოლიციამ მალე აიყვანა.                                                                           

დიდი სკანდალი მწიფდებოდა. ისეთი დრო იყო, რომ პატიმრების გამოშვების გამო პოლიციიდან და პროკურატურიდან რამდენიმე თავი აუცილებლად გაგორდებოდა. ხელისუფლება ამის პრეცედენტს არ დაუშვებდა...                                      

ეს ის დროა, როდესაც ციხესთან "პერედაჩების" რიგში პატიმრების მშობლების გრძელი ეშელონები იდგა,  პატიმრებს კი საკნებში ჯერ კიდევ ჰქონდათ მობილური ტელეფონები.              

ერთ-ერთმა ძმამ საკნიდან დამირეკა. მიხსნის, რომ მასთან საკანში შემოიყვანეს ავჭალელი ბიჭი, რომლის მშობლებსაც "პერედაჩის" რიგში დგომისთვის არ სცალიათ და მთხოვს, მის ოჯახს გადავცე, რომ დედამ მათ "პერედაჩთან" ერთად "ავჭალელი ბიჭის" მამის მიერ მიტანილი ბანდეროლიც შეუგზავნოს.                                                       

ოჯახს ვაცნობე შვილის დანაბარები. იქვე გავაფრთხილე, რომ საეჭვო ამბები ხდებოდა და არ ვურჩიე ბანდეროლის გამორთმევა. ოჯახის უფროსმა მითხრა, რომ "პერედაჩის" შეგზავნაზე პატიმრის მამას უარს ვერ ეტყოდა.                                                      

მეორე დღეს ოჯახის უფროსი მირეკავს და მეუბნება, რომ მისი მეუღლე დააკავეს..."პერედეჩის" შემოწმებისას ციხის თანამშრომელმა "აღმოაჩინა", რომ  ბანდეროლში იდო კბილის პასტის ტუბი, ტუბში კი-ფოლგაში გახვეული სუბუტექსის ერთი აბი...ცოტა ხანში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გამომძიებელს შევხვდი, რომელსაც განვუმარტე, რომ დასაკავებელი არა ქალბატონი, არამედ ბანდეროლის პატრონი იყო. გამომძიებელმა არაორაზროვნად გამომიცხადა, რომ თუ ბევრს "ვიხტუნავებდი", მეც წამიყენებდნენ ბრალს "დანაშაულის ხელშეწყობისთვის".                                 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბრალდებულებმა და მათმა მამამ საქმეს ჩამომაცილეს(მამამ ბოდიშიც მომიხადა) და "სასურველი ადვოკატი" აიყვანეს. შედეგად, ტყუპებმა ტყუპად აღიარეს დანაშაული, დედა ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა(ასე ვთქვათ, დედის თავისუფლება საკუთარი თავისუფლების ხარჯზე "იყიდეს", რათა 9 წლის უმცროსი ძმა დედის მზრუნველობის გარეშე არ დაეტოვებინათ).                                            

ჰო, მართლა, ის "ავჭალელი ბიჭი" ლამის დამავიწდა, სიკვდილსაც დავიწყებია...რამდენიმე დღეში გამოუშვეს ციხიდან. დღეს ალბათ კაცობს "დამსახურებულ" მამასთან ერთად. ნუ გამორიცხავთ, რომ "თავისუფლება მიშას" ლოზუნგს აფრიალებენ და ჰუმანურობის მოწოდებებს ახმოვანებენ.