თუ გახსენდებათ ერთი პრეცედენტი, როდესაც სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ვიღაცას რაღაცის შესრულებისკენ და ეს ვიღაც ამბობს, რომ ამ მოწოდებას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეასრულებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ასეთი პრეცედენტები უბრალოდ არ არსებობს.
„სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს იყო პირველი პუნქტი და გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეს იყო პრობლემის გადაჭრის ყველაზე უებარი საშუალება. სააკაშვილი ამას არ ასრულებს. სტრასბურგის სასამართლომ გაამახვილა ყურადღება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი მოწოდების შესრულებას რაღაც პირობას დაადებდა. 24 ნოემბრამდე სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია სააკაშვილის მკურნალობის შესახებ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.