ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება

ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მკაფიო მოწოდება, რომელსაც სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილმა ეს მოწოდება რომ შეასრულოს, ბუნებრივია ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც ის იყენებს, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში, თუ ის დაუყოვნებლივ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და შეწყვეტს შიმშილობას, მაშინ ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას.

„ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.