დავით სერგეენკო: სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ლეგიტიმური და ჰუმანურია

დავით სერგეენკო: სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ლეგიტიმური და ჰუმანურია

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ცალსახადაა ვალიდური, ლეგიტიმური და ჰუმანური, რასაც მეც ვუერთდები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წერილობითი დასკვნა სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლოეს საათებში უნდა გახდეს საჯარო,“- აღნიშნა სერგეენკომ.

ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წერილობითი დასკვნა სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.