სააკაშვილს ჯერ არ სჭირდება რეანიმაციული ღონისძიებები, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ სასჯელაღსრულების მე-18, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.
რაც შეეხება მე-18, სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული – საკმაოდ კარგად აღჭურვილი; სტაფი არის მოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს“, – განაცხადა ექიმმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.