Pfizer-ი სხვა კომპანიებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გამოშვების საშუალებას მისცემს

Pfizer-ი სხვა კომპანიებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გამოშვების საშუალებას მისცემს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან შეთანხმება გააფორმა, რათა სხვა მწარმოებლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ექსპერიმენტული აბების გამოშვება შეძლონ.

Pfizer-ის განცხადებით, იგი ანტივირუსული აბების წარმოების ლიცენზიას მისცემს ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს, რომელიც საშუალებას მისცემს არადაპატენტებული მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს აღნიშნული აბები 95 ქვეყანაში გამოსაყენებლად გამოუშვან.

ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის ფაქტი, რომ გარიგება Pfizer-ის აბების ავტორიზაციამდე გაფორმდა, პანდემიის უფრო სწრაფად დასრულებას დაეხმარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლებთ 4 მილიარდზე მეტ ადამიანს მივცეთ წვდომა წამალზე, რომელიც, როგორც ჩანს, ეფექტურია და ახლახან შეიქმნა“, - აღნიშნა მედიკამენტების საპატენტო ფონდის წარმომადგენელმა, ესტებან ბურონემ.

5 ნოემბერს, Pfizer-მა განაცხადა, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.

კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მალე დაუშვან კომპანიის ახალი პრეპარატი.