ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაცია მძიმეა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 699 ტესტი ჩატარდა, ინფექცია 147-ს დაუდგინდა.
ასევე, 1 დღის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში, გუდაუთის საავადმყოფოში, 4 ქალი და 1 მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რეგულაციები დაიცვან. „დე ფაქტო“ რესპუბლიკის მთავარი ექიმის, ლუდმილა სკორიკის თქმით, ინფექცია მასობრივი თავშეყრების - ქორწილებისა და გასვენებების გამო სწრაფად ვრცელდება, ვაქცინაციის ტემპი კი - დაბალია. ის მოსახლეობას მოუწოდებს, არა მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, არამედ ჩაიტარონ სეზონური გრიპის წინააღმდეგ იმუნიზაციაც.
„ეს ყველაფერი ხალხმრავალი ღონისძიებების გამოა, ხალხი არ ჩერდება. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ...“ - ამბობს „ეხო კავკაზასთან“ ლუდმილა სკორიკი.