„გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა. ეს აღწერილია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის საკმარისი პირობა, ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მდგომარეობის მართვისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაიმე სახის ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან რამე სხვა, ამ ტიპის ჩარევის საჭიროებაზე. არ არის ასეთი საჭიროება და არცერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს, რომ ამ ტიპის რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარტული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ამ საავადმყოფოს, ასევე, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში, მასთან ხელშეკრულებით მყოფი კლინიკებისგან მოიწვიოს სპეციალისტი და ექიმმა მიიღოს შესაფერისი დამატებითი კონსულტაცია და რჩევა.