საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მოთხოვნები და ავსტრიის პრაქტიკული მაგალითი წარმოშობის სერტიფიკატის დანერგვის შესახებ. ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტმა EU4Energy-ს პროექტის ფარგლებში სემეკისთვის შემუშავებული წარმოშობის სერტიფიკატის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
„საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ ითვალისწინებს სემეკის მიერ წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცებას მიმდინარე წლის ბოლომდე. წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან არის წარმოებული. მნიშვნელოვანია, რომ ვიცნობდეთ და კარგად გვესმოდეს ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნები ამ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში საქართველოში მოქმედ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს გავაცანით წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ტექნიკური ასპექტები ევროკავშირის ქვეყნებში, რომელთა გათვალისწინება „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის შესახებ“ დადგენილების შემუშავებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.