არაერთი დეზინფორმაცია ვიხილეთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში პასუხს სცემს აბსოლუტურად ყველას ვინც ავრცელებს ტყუილს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი მთავარი მიზანია და ამაში დაინტერესებული ვართ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და ასევე საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული. როდესაც იქნება დეზინფორმაცია ჩვენ ამას აუცილებლად გავცემთ პასუხს. აქ ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, შეისწავლიან დაწესებულების ირგვლივ არსებულ ვითარებას და ბუნებრივია ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახური საზოგადოებას ინფორმაციას პროაქტიურ რეჟიმში მიაწვდის. „რომ საზოგადოებისთვის ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ცხადი ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს დაწესებულება იზოლირებულია და აქ მუშაობს ჩვენი შესაბამისი სამსახური, რომელიც ზრუნავს პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების მდგომარეობაზე,“- განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.