„ნაცმოძრაობის“ მიერ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის თემის წამოწევა ხდება იმისთვის, რომ ამან მასთან მიმართებით საზოგადოების ემპათია გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაცმოძრაობისა“ და მისი მომხრეების შეკრებებზე ისმის შეძახილები „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, ესაა მთავარი მიზანი, რომ მათი ლიდერი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან, იმისთვის, რომ კიდევ არიონ ეს ქვეყანა. რაც შეეხება საჭირობებს, განიმარტა არაერთხელ, მათ შორის პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება ყველა სათანადო მომსახურება და ამას ადასტურებს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვდა „ნაცმოძრაობა“ . კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს დაევალებინა ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილი გადაეყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც სტრასბურგმა უარი თქვა. ერთადერთი საჭიროა, რომ სტრასბურგმა მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორია მისი მკურნალობის რეჟიმი.
ერთ თვეზე მეტია „ნაცმოძრაობა“ ითხოვს სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და ყოველი დღე ადასტურებს, რომ როგორც მე-12 დაწესებულებაში, ისე მე-18-ში მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სათანადო მომსახურება. სხვათა შორის უკვე 45 დღეა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნისა და დღემდე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არ ყოფილა პრეტენზია, რომ მას რამე არ მიეწოდა სამედიცინო მომსახურების კუთხით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.