საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორი, გიორგი მუჯირი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვის ორი ალტერნატივა არსებობდა, თუმცა, დაცვის მხარემ, ორივეზე უარი თქვა.
„ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებული არ არის წარმოდგენილი სასამართლოში. ასევე, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ წარმოდგენილია პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელშიც განმარტებულია მისი გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზები. ასეთ შემთხვევაში, როგორც სასამართლოს, ასევე მხარეებს მხოლოდ ორი შესაძლებლობა გვაქვს - პროცესის ადგილზე ჩატარება და მეორე - ბრალდებული დისტანციურად იყოს წარმოდგენილი. ორივე ალტერნატივა აბსოლუტურად უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ ბრალდებულის ნებისმიერ უფლებას. მას ეძლევა შესაძლებლობა, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, განაცხადოს თავისი პოზიცია, დააყენოს შუამდგომლობა, 100%-ით იყოს ჩართული პროცესის მიმდინარეობაში. 4 საათის განმავლობაში, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“, - აცხადებს პროკურორი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდს. ექსპრეზიდენტთან ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაც.