კოქტეილი რომელიც კორონავირუსისგან დაგიცავთ

კოქტეილი რომელიც კორონავირუსისგან დაგიცავთ

Regeneron-ის მიერ შემუშავებული ანტისხეულების კოქტეილის (Ronapreve) ერთჯერადი დოზა კორონავირუსით ინფიცირების რისკს 81.6%-ით ამცირებს. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ პრეპარატი დაცვას 2-დან 8 თვემდე პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს.

Ronapreve-მ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში მიიღო.

პრეპარატ Ronapreve-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ინფექციის თავიდან აცილებას, ინფექციის მძიმე სიმპტომების აღმოფხვრასა და ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობის შემცირებას.

პრეპარატის შეყვანა ინექციით ან ინფუზიით ხდება. იგი სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსზე მოქმედებს, სადაც მჭიდროდ ეკვრება კორონავირუსს და ხელს უშლის მას სასუნთქი სისტემის უჯრედებზე წვდომაში.

Ronapreve-ი იმ წამლების კლასს მიეკუთვნება, რომელსაც მონოკლონურ ანტისხეულებს უწოდებენ. ისინი სხეულის მიერ წარმოებული ბუნებრივი ანტისხეულების იმიტაციას ახდენენ. პრეპარატის გამოყენება ვაქცინაციის ჩანაცვლებას არ გულისხმობს.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებილია იმ ინფიცირებულებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ბუნებრივი ანტისხეულები არ აქვთ.

ის ასევე ნებადართულია, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებული ან მიეკუთვნებიან იმუნოკომპრომეტირებული პირების რიცხვს, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გარკვეული კატეგორიისთვის "რეგენერონის“ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის რეკომენდაცია გასცა.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენება დაამტკიცა. პრეპარატი კომპანიამ Roche და Regeneron-მა შექმნეს

მიმდინარე წლის ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი 70%-ით შემცირდა. თავად დაავადების სიმპტომების მიმდინარეობა კი 4 დღემდე ჩამოვიდა.

Regeneron-ის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა და სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნული პეპარატი საქართველოში გამოიყენონ. მისი განმარტებით, პრეპარატი საკმაოდ უსაფრთხოა და მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.

"Regeneron-ის ანტისხეულების კოქტეილი რამდენიმე თვე იცავს ადამიანს კოვიდით ავადობისგან. იქნებ, ეს მაინც იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა.

ჩვენ უკვე დიდიხანია ვიყენებთ რუტინულად. თავიდან გამოიყენებოდა უკვე ინფიცირებულებში, რისკის ჯგუფებიდან. დღესდღეობით ვიყენებთ იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადამიანი ამბობს რომ მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

საჭიროა მხოლოდ ერთადერთი დოზის ინტრავენური გადასხმა. ჩვენთან ეს ხდება ემერჯენსი რუმში. ინფუზიას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება და პაციენტი ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ეწერება სახლში.

პრეპარატს აქვს საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი და ამავე დროს მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. პირველი კვლევები აჩვენებდა, რომ კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებას უშლიდა ხელს. ახლა საუბარია იმაზე რომ ინფიცირებისგანაც იცავს", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.