დავით სერგეენკო: უცნაური ვითარებაა, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები

დავით სერგეენკო: უცნაური ვითარებაა, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები

მინიმუმ უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე ექიმები და ბევრად უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკო განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან სასიცოცხლო პარამეტრები და კვლევების პასუხები თვლადია და ამაზე ინტერპრეტაციების გაკეთება შეუძლებელია.

„ყველაზე გადამწყვეტი მგონია, რომ სამოქალაქო სექტორისა და სასჯელაღსრულების ექიმები უნდა დასხდნენ და შეჯერდნენ პოზიციებზე. საბედნიეროდ, როგორც სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტების პასუხები არის თვლადი და რაოდენობრივი. აქ ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. ეს მგონია სწორი გზა, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა”,- განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, პოლიტიკოსებს, ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, მოლოდინი აქვთ, რომ ამით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება.

„ის პოლიტიკოსები, რომლებიც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებენ და მოლოდინი აქვთ, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება. რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას?! - ორად ორი კრიტერიუმი დარჩა - ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კატერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუ საჭირო გახდა, ბევრჯერ არის ეს გზა გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაიტარონ კვლევა”, - განაცხადა სერგეენკომ.