პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისში პედაგოგებს შეხვდნენ და მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ, უპასუხეს მასწავლებლების კითხვებს და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დისკუსიის შემდეგ, პანკისის ხეობის სოფლების საჯარო სკოლის 17 პედაგოგს ტრენინგი ჩაუტარდა.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა პანკისში დაბრუნება და იმ მასწავლებლებთან შეხვედრა, რომელთაც პირველად 2019 წელს შევხვდი. აქ იმ პროექტის გამო ვარ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და რომელიც დეზინფორმაციას ეხება. როგორც ვიცით, ეს ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა და ძალიან ცუდია, რომ დემოკრატიული საზოგადოება მას ვერ ერევა. ჩვენ ადამიანებსს ვუზიარებთ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და წაკითხულის, მოსმენილისა თუ თელევიზიით ნანახის სწორად გაანალიზება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.