პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
კიდევ ერთხელ შიმშილობის შესახებ, დამარცვლით:
- ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის მთავარი მოთხოვნა არის მისთვის ყველა დანაშაულის პატიება; მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის ყველა საქმის შეწყვეტა, სანამ საქართველოს თითოეული მოსამართლე ციცერონის რანგის მოღვაწე არ გახდება; ციხის კარის გაღება, მისი გათავისუფლება და ეროვნულ გმირად გამოცხადება. სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ექს-პრეზიდენტი მომხრეებს მოუწოდებს მასობრივი არეულობებისკენ, გადატრიალებისკენ, ანტიკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების დამხობისკენ.
სააკაშვილის შიმშილობის ყველა უტიფარი მოთხოვნა არის აბსურდული და სრულიად დესტრუქციული! საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეწინააღმდეგება სასჯელის თავიდან აცილების მიზნით დაწყებულ შანტაჟს და ჩვენ ეს უფლება გვაქვს!
- „არ გრცხვენიათ, ადამიანის შიმშილზე როგორ ღლიცინებთ“ - დღეს ამგვარი ყიჟინით ცდილობენ, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ხმა არ ამოაღებინონ და ღირსების არმქონე ადამიანებს მორალური პედესტალიდან განაჩენი გამოუტანონ მათთვის. ზოგიერთ შემთხვევაში დაცინვა მართლაც ზღვარს ცდება და მითითება სამართლიანია. უბრალოდ, არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი გარემოებები:
მიუხედავად იმისა, რომ მარი მალაზონია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ექიმია, საქართველოს მოქალაქეები ნუტრიციოლოგები მაინც არ არიან. სააკაშვილის მასასთან მიმართებით პიურეებისა და ფაფების ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა-დაანგარიშება მათ არ ევალებათ. ადამიანების გაღიძიანებას იწვევს ის ურთიერთგამომრიცხავი, დაუზუსტებელი, ორაზროვანი ცნობები, რომელთაც ენმ-ის მომხრეები ავრცელებენ. ხან ამბობენ არაფერს ჭამსო, მერე იტყვიან თაფლს იღებსო, შემდეგ გამოაცხადებენ თაფლსაც თავი დაანებაო, შემდეგ იტყვიან წვენებზეა მხოლოდო, შემდეგ წვენებთან ერთად აღმოჩნდება, რომ ფაფებს იღებს, შემდეგ ეს ფაფა პიურედ მოინათლება... ამბობენ, სააკაშვილმა კოვზი რომ აიღოს ხელში ეგრევე კადრებს გაავრცელებდნენო; კადრებს რომ გაავრცელებენ, ეს რა იკადრესო და ა.შ. თავიდანვე ზუსტად და მკაფიოდ მიწოდებილი ცნობები სპეკულაციებს გამორიცხავდა და არავის დაუტოვებდა ე.წ. „ღლიცინის“ საშუალებას, მაგრამ ბუნდოვანება, გაურკვევლობა, ამღვრეული წყლის დინება ენმ-ის ინტერესებში შედის.
სააკაშვილის შიმშილობის შესახებ კრიტიკულ მსჯელობებს ხელს უწყობს ისიც, რომ ოპოზიცია ყოველ საღამოს ქმნის ექს-პრეზიდენტის სიკვდილის მოლოდინს, აცხადებს, რომ სააკაშვილი დღე-დღეზე წაიქცევა, ამიტომ დასაჩქარებელია ციხის კარების შენგრევა ... ამასობაში კი მას აქვს პოტენციალი თვეობით გაწელოს თავისი შანტაჟი.
რატომ აღიქვამენ სააკაშვილის შიმშილობას არასერიოზულად მოქალაქეთა ნაწილში? მათ ნანახი აქვთ ჰოლივუდის ფილმები ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ, კინოფირზე დაკვირვებიან როგორ შიმშილობდა ბობი სანდსი, რა პირობები ჰქონდა შექმნილი, როგორ წვალობდა, როგორი პრინციპული იყო და როგორ არ მიუღია არც ერთი ლუკმა. სმენიათ მაჰათმა განდის შესახებ, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ შიმშილობის მარათონულ ხასიათს ინდური ფილოსოფიისა და მოძღვრებისთვის ცნობილი რამდენიმე ტრადიციული ხერხის საშუალებით უზრუნველყოფთა, რამდენიმე მარცვლის მიღებაზე უარს არ იტყოდა.
რაც მთავარია, ქართველი ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს ახსოვს მერაბ კოსტავას შიმშილობა, რომელსაც პირადი კეთილდღეობისთვის არასდროს დაუშანტაჟებია მხარდამჭერები და ავტორიტარული ხელისუფლებაც კი, რომელსაც არასდროს უკადრია ლეიბებზე, ბალიშებზე, ტელევიზორებზე საუბარი, რომელსაც ერთ თვეში 130 მნახველის კი არა, ათ წელიწადში ათი მნახველის მიღების საშუალებაც არ ჰქონია. შესაბამისად, ადამიანებისთვის ნამდვილი და პატიოსანი პროტესტი ასოცირდება მერაბ კოსტავას თავგანწირვასთან, ჭეშმარიტ ბრძოლასთან და არა ამ შანტაჟთან - ბრალი მომიხსენით, თორემ თავს მოვიკლავ ან ხალხს დავანგრევინებ ციხესო! მერაბ კოსტავას, მაჰათმა განდის არავინ შეახსენებს მარცვლების მიღებას... ბობი სანდის უკომპრომისობას არასერიოზულად მისი მოსისხლე მტრებიც არ აღიქვამენ არასდროს! არასერიოზულად უყურებენ მას, ვისაც თავისი თავის მიღმა არავინ და არაფერი არ აინტერესებს.
ამასთანავე, შეუძლებელია მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდეს ემპათია იმ ადამიანის კვებასთან დაკავშირებული პროტესტის მიმართ, რომელმაც 7 ნოემბერს მშვიდობიანი მოშიმშილეები მეეზოვეების ფორმებში გადაცმული სპეცრაზმის საშუალებით დაასისხლიანა.
კიდევ ერთხელ და მკაფიოდ: დიახ, სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს და ბრალი მოიხადოს! დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობას ამ წუთას საფრთხე ემუქრება, ოღონდ მისი ჯანმრთელობის ბედი მხოლოდ მის ხელშია!
- ყველაზე სასაცილოა „ნაცობის“ და „ქოცობის“ კრიტერიუმების მიშასთან დამოკიდებულებით გაზომვა. სააკაშვილი არ არის ამ ქვეყანაში მთავარი საზომი ...
ჩვენ სხვა საზომები გვაქს. მაგალითად, გვაინტერესებს, ემხრობა თუ არა პოლიტიკური ძალა ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების კონცეფციის, გეგმის შემუშავებას! მხარს უჭერს თუ არა ჰესებისა და სხვა სადგურების მშენებლობას მხოლოდ ამ გეგმის საფუძველზე! რა სტრატეგია აქვს პოლიტიკურ ძალას ქვეყნის ინდუსტრიული სექტორის განვითარებისთვის? გათვალისწინებული იქნება თუ არა ინდუსტრიალიზაციისა და მასობრივი დასაქმების პოლიტიკაში ეკოლოგიური, გარემოს დაცვითი და კლიმატის სტანდარტები? როგორი იქნება ქვეყანაში საბინაო პოლიტიკა? როგორ დაიბეგრებიან მილიონერები? როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების წესი, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები? რა ბედი ელით ტყიბულელ მეშახტეებს, ჭიათურელ მაღაროელებს, ზესტაფონელ მეტალურგებს, ფეიქრებს და ა.შ. რა ადგილს მიუჩენს პოლიტიკური ძალა ფარმაცევტულ მაფიას, საბანკო-საფინანსო სექტორის უკონტროლო ლიდერებს? როგორი იქნება ჩვენი საპენსიო სისტემა? რას ფიქრობს პარტია გალისა და ახალგორის მოსახლეობის აპართეიდზე და ა.შ.
ყველა ამ საკითხში ჩვენ ვრჩებით „ქართული ოცნების“ დაუძინებელ მტრებად! ყველა ამ სფეროში ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მოკავშირეა! „ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სააკაშვილის ბოქლომის დამსხვრევაში მონაწილეობას მივიღებთ და მის დანაშაულზე თვალს დავხუჭავთ.
__
ორი დღეა მუქარისა და წყველვა-კრულვის გზავნილები არ წყდება ჩემს მესენჯერში, გარეგნობაზე დამცინიან, ჩემს სიმახინჯეებს უსვამენ ხაზს და ა.შ.
გაფრთხილება: ცხოვრებაში საკმარისზე მეტი ტკივილი მაქვს გამოვლილი, ასეთი მესიჯებით აზრი შეაცვლევინეთ იმ ბავშვებს, რომელთაც არც ერთი დასაყრდენი არ აქვთ და არც ერთი ბრძოლა არ გამოუვლიათ, რომელთაც აიძულებთ იცხოვრონ პრინციპით „მალაიქებენ, მაშასადამე ვარსებობ“. ჯორი არ დამიტაკოთ კარებზე”!
მისნაირების სიმრავლეზე დიდად იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
ვინმე თუ ზედმეტი წონის გამო დასცინის, დაიკიდოს! - ზედმეტ წონას ეშველება, მაგრამ უზნეობას და უტვინობას ძნელად, რომ რამე მოუხერხდეს!