ყოველი დღე, როდესაც საქართველოში არის არეულობა, ყოველი დღე, როდესაც ჩვენ ვერ ველაპარაკებით ერთმანეთს, ყოველი დღე, როდესაც ეკონომიკა ვერ ვითარდება, ყოველი დღე, როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, არის ზეიმი რუსეთისთვის და ისინი ამას არც მალავენ, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ რადიკალური ქმედებების დაწყებისთანავე რუსეთისგან დახმარებას იღებს.
„რუსეთის ინტერესია საქართველოში გათიშულობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის სულ ერთი უნდა იყოს ვის დაუჭერს მხარს. მთავარია, რომ ძალა, რომელსაც ის მხარს უჭერს, იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგი, რადიკალური, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - ქვეყნის ამოყირავება და კიდევ ერთხელ არეულობისა და ქაოსის ჭაობში გადაგდება. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს რადიკალურ ქმედებას, ისინი მაშინვე რუსეთისგან იღებენ რიტორიკულ, პოლიტიკურ - ყველანაირ დახმარებას“, - ამბობს ხელაშვილი.